ელექტრონული შტამპისა და ელექტრონული ხელმოწერის თემაზე ფორუმი გაიმართა
02 ოქტომბერი, 2019

ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გაგნიძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურა სანიკიძე, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფორუმზე სტარტაპერებმა საკუთარი ინოვაციური პროდუქტები წარმოადგინეს.

ფორუმის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კვალიფიციური ელექტრონული სანდო მომსახურების, მისი ტიპების, სანდო სერვისებით სარგებლობის, დოკუმენტების უსაფრთხოების საკითხებისა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (mygov.ge) პრაქტიკული დანიშნულების შესახებ.

ცნობისთვის, “სახელმწიფო სერვისების განვითარების” სააგენტომ, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აუდიტი გაიარა საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორულ კომპანიაში, რომლის დასკვნის საფუძველზე მიიღო ავტორიზაცია და ქვეყანაში ერთადერთ სანდო მომსახურების გამცემ ორგანიზაციად განისაზღვრა.

“მონაცემთა გაცვლის სააგენტომ” კი ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) განახლებული ვერსია აამოქმედა, რომელიც ისეთ სერვისებს აერთიანებს, სადაც საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება.