საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ
14 დეკემბერი, 2018

საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს 13-14 დეკემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების სამართლებრივი ასპექტების, ასევე ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) პრაქტიკული დანიშნულების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ორგანიზებითა და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭრით ჩატარდა.

ტრენინგს საქართველოს იუსტიციის საჯარო სამართლის იურიდიული პირების - “მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა” და “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” წარმომადგენლები უძღვებოდნენ, რომლებმაც დამსწრე აუდიტორიას კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) პრაქტიკული დანიშნულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ტრენინგის მიზანი საჯარო და კერძო სექტორში მომუშავე შესაბამისი პერსონალისთვის სიახლეების გაცნობა და ცვლილებებთან მიმართებით მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლება იყო, რაც შემდგომში მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს.

„აღნიშნულ ტრენინგს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან საქმე ეხება სიახლეებს როგორც ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენების, ისე ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე განხორციელებული ძირეული ცვლილებების მიმართულებით. ჩვენ საგანგებოდ შევარჩიეთ ორი სეგმენტი - საჯარო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ვინაიდან, პირველ რიგში, სწორედ მათ უნდა მიიტანონ აღნიშნული სიახლეები საზოგადოებამდე. მოგეხსენებათ, რომ ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალზე თავმოყრილია ისეთი სერვისების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელთა მოხმარებაც ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენებას საჭიროებს, ამდენად ტრენინგის მონაწილეებისთვის პორტალზე განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაც მეტად მნიშვნელოვანია“, - ნიკოლოზ გაგნიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარე.

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი კომუნიკაციის თანამედროვე ფორმის განუყოფელი ნაწილია და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობის გამო მისი გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება ამარტივებს ურთიერთობის პროცესს როგორც სხვადასხვა უწყებასთან და მომსახურების გამწევ ორგანიზაციასთან, ისე საქმიან პარტნიორებს შორის.

როგორც ცნობილია, 2019 წლის 1 იანვრიდან იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, რომელთაც ადმინისტრაციულ ორგანოებთან საქმიანი ურთიერთობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უწევთ, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღებისას, ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა სავალდებულო ხდება. აღსანიშნავია, რომ კვალიფიციური სანდო სერვისების გამოყენებით მკვიდრდება დოკუმენტის დაცვის მაღალი სტანდარტები.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 21 აპრილს მიღებულ იქნა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.

ზემოხსენებული კანონი ითვალისწინებს ნოვაციებს ქართულ სამართლებრივ სივრცეში, კერძოდ, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ენიჭება პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა და დასაშვებად მიიჩნევა ადმინისტრაციულ და სასამართლო სამართალწარმოების პროცესში. ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმა მხოლოდ საგამონაკლისო, კერძო შემთხვევებში იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, 2019 წლის 1 იანვრიდან კვალიფიციური ელექტრონული შტამპისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება სავალდებულო ხდება ყველა იმ პირისა და ორგანიზაციისთვის, რომელსაც ადმინისტრაციულ ორგანოებთან საქმიანი ურთიერთობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უწევს.

ინფორმაციისთვის, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ“ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აუდიტი გაიარა საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორულ კომპანიაში, რომლის დასკვნის საფუძველზე მიიღო ავტორიზაცია და ქვეყანაში ერთადერთ სანდო მომსახურების გამცემ ორგანიზაციად განისაზღვრა.

მონაცემთა გაცვლის სააგენტომ კი აამოქმედა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) განახლებული ვერსია, რომელიც ისეთ სერვისებსაც აერთიანებს, სადაც საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება.