„მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და გაეროს უნივერსიტეტის ელექტრონული მმართველობის განყოფილებას (UNU-EGOV) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
11 ოქტომბერი, 2018

2018 წლის 8-10 ოქტომბერს პორტუგალიის ქ. გიმარაეშში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ  „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსიტეტის ელექტრონული მმართველობის განყოფილებაში (UNU-EGOV) და ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე გულისხმობს მხარეებს შორის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას ელმმართველობისა (e-Governance) და კარგი მმართველობის (Good Governance)მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა მასპინძელ მხარეს ასევე გააცნეს ელმმართველობის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები და სპეციალურად მათთვის მომზადებული სატრენინგო კურსიც გაიარეს.

„ჩვენი სააგენტო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ელექტრონული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების კომპეტენციის ცენტრის შექმნაზე, რომელიც თავს მოუყრის ქვეყნის მიღწევებისა და მნიშნელოვანი რეფორმების შესახებ ინფორმაციას/ცოდნას და შექმნის პლატფორმას, რათა ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ სხვადასხვა დაინტერესებული ქვეყნის წარმომადგენლებს და დავეხმაროთ მათ საქართველოში უკვე განხორციელებული წარმატებული რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით.  სააგენტოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია UNU-EGOV-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა, რადგან შესაძლებლობა მოგვეცა ქვეყნის მიღწევებისა და რეფორმების შესახებ UNU-EGOV-ის სპეციალისტებისთვის ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა.  გარდა ამისა, მასპინძლებმა ჩვენც გაგვიზიარეს მათი საუკეთესო გამოცდილება რიგი საკითხების მიმართულებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.  აქვე მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)საქართველოს ოფისს სამუშაო ვიზიტის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის“, - ნიკოლოზ გაგნიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარე.

ვიზიტის ფარგლებში „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ წარმომადგენლებმა გაიარეს UNU-EGOV-ის სპეციალისტების მიერ მომზადებული სატრენინგო პროგრამა, რომელიც ფარავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გონივრული ინიციატივები, ღია მთავრობისა და ღია მონაცემების კონცეფცია და გამოწვევები, ასევე ადგილობრივ მმართველობასთან დაკავშირებული საკითხები და ელექტრონული სერვისების მიწოდების საშუალებები.UNU-EGOV-ი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1972 წელს დაარსდა, ფლობს დიდ გამოცდილებასა და ადამიანურ რესურსს საჯარო მმართველობის, ელმმართველობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში სამეცნიერო დონეზე კვლევისა და ანალიზის თვალსაზრისით.

UNU-EGOV-ი საერთაშორისო დონეზე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან ელმმართველობის განვითარების გზაზე წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით.  UNU-EGOV-ი  ელმმართველობის საკითხებზე მომუშავე ავტორიტეტული კომპეტენციის ცენტრია და აქტიურად ეხმარება სხვადასხვა ქვეყნის უწყებებს ელექტრონული მმართველობის, ინოვაციური საჯარო სერვისების მიწოდებისა თუ სხვა პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებასა და დანერგვაში.  მათივე აქტიური ძალისხმევით ტარდება საერთაშორისო დონის შეხვედრები და კონფერენციები (მაგ.: კონფერენციათა ციკლი ICEGOV, რომელშიც სისტემატურად მონაწილეობს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოც“).