საქართველოს მიერ ელ-მმართველობის მიმართულებით გატარებული რეფორმები მაგალითის სახით საერთაშორისო კონფერენციაზე იქნა გატანილი
05 აპრილი, 2018

ირლანდიის ქალაქ გალვეიში 4 აპრილს დაიწყო და 6 აპრილამდე გაგრძელდება მე-11 საერთაშორისო კონფერენცია ელექტრონული მმართველობის თეორიასა და პრაქტიკაზე. ღონისძიება ICEGOV-ის სახელით ცნობილი კონფერენციების სერიის ფარგლებში ტარდება და სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში თავს უყრის მონაწილეებს მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოდან, რომლებიც განიხილავენ ელექტრონული მმართველობის ასპექტებს, დღეს არსებულ მთავარ მიმართულებებსა და გამოწვევებს, ასევე იმ ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ელექტრონული მმართველობის მოდელების დანერგვის მიმართულებით. ICEGOV-ის ორგანიზატორი და კოორდინატორია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელექტრონული მმართველობის უნივერსიტეტი (UNU-EGOV), რომელიც პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში მდებარეობს.

საქართველოდან კონფერენციაში მონაწილეობს ნატალია გოდერძიშვილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ იურიდიული სამმართველოს უფროსი, რომელმაც ღონისძიების პირველ დღეს, პანელის ფორმატში, დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო საქართველოს მიერ ელ-მმართველობის განვითარების მიმართულებით განვლილი გზა. კერძოდ, ისაუბრა ქვეყნის ციფრულ ტრანსფორმაციაზე და მიმოიხილა საქართველოს მიერ მიღწეული არაერთი წარმატება ელექტრონული მმართველობის პლატფორმების იმპლემენტაციის, ასევე საჯარო სერვისების მიწოდების პროცესში თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მაგალითმა, ანუ ჩვენი ქვეყნის მიერ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით განვლილმა გზამ არაერთი სახელმწიფოს წარმომადგენლის დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა. მეტიც - საქართველოს, ასე ვთქვათ, მოდელი კონფერენციის ორგანიზატორების მხრიდან პლენარულ სესიაზე იქნა გატანილი როგორც ელექტრონული მმართველობის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი პორტუგალიის, პანამის, ნიგერიისა და ინდოეთის მაგალითებთან ერთად“, - აღნიშნავს ნატალია გოდერძიშვილი.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციზე საქართველო წარმოდგენილია სპეციალური პოსტერით, რომელიც მიმოიხილავს ელექტრონული სერვისების მიწოდების თავისებურებებს და ამ პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მაგალითებს (ელექტრონული სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდების შესაძლებლობა, ელეტრონული სერვისების ერთიანი პორტალი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენება და სხვა).