„მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ დონორთა კოორდინაციის შეხვედრაზე საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი განიხილეს
27 ნოემბერი, 2019

26 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დონორთა კოორდინაციის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საქართველოს კიბერუსაფრთხოების მე-3 ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი განიხილეს.

ამჟამად სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი ფინალურ ეტაპზეა და აღნიშნული დოკუმენტების განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და დონორი ორგანიზაციების ჩართულობით მიმდინარეობს.

საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის რიგით მე-3 დოკუმენტი 2020-2022 წლებზეა გათვლილი და მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან მიმართულებას, რაც ქვეყნის კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის საჭირო.

კიბერუსაფრთხოების 2020-2022 წლების სტრატეგიის შემუშავება გასულ წელს დაიწყო, როდესაც
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში გაწეული აქტიური მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, ამავე სააგენტოსა და ბრიტანეთის საელჩოს მოწვევით, კვლევით-შეფასებითი ვიზიტით თბილისში ჩამოვიდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების გლობალური ცენტრის (GCSCC - The Global Cyber Security Capacity Centre) წარმომადგენლები. ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი მოწინავე საერთაშორისო კვლევითი ცენტრია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და უკვე შეფასებული აქვს არაერთი ქვეყნის კიბერუსაფრთხოების განვითარების დონე.

ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად გააანალიზდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ძლიერი და სუსტი მხარეები, არსებული შესაძლელბლობები, დაისახა საფრთხეებისა და ხარვეზების გამოკვლევის გზები და შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები.

სტრატეგიის შემუშავების პროცესში, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გაიმართა შეხვედრები საჯარო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე აკადემიურ სექტორთან, რათა ყველა შესაძლო დაინტერესებულ მხარესთან და უფლებამოსილ უწყებებთან შემდგარიყო უშუალო კომუნიკაცია და დოკუმენტური მასალებითა და ინტერვიუებით მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებით მომზადებულიყო საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი.

„კიბერუსაფრთხოების რიგით მე-3 ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი იმ გამოწვევებზეა დაფუძნებული, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მისაღწევად და შესანარჩუნებლად საჭირო მიდგომები ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომ საჭიროა, რომ დროული ქმედებებით არ ჩამოვრჩეთ ამ ტემპს და გვქონდეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც თანამედროვე სიტუაციას ესადაგება. სტრატეგიის შემუშავების პროცესში მაქსიმალურად გავითვალისწინეთ როგორც კერძო და საჯარო სტრუქტურების, კრიტიკული ინფორმაციული სუბიექტების ინტერესები, ისე ჩვენი უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციები და საუკეთესო გამოცდილება“, - ნიკოლოზ გაგნიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარე.