განაცხადების მიღება - ეროვნული კიბეროლიმპიადა 2018
02 აპრილი, 2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE, იწყებს ეროვნულ კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას. კიბეროლიმპიადის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროს განავითარების ხელშეწყობა და პუპულარიზაცია, ასევე იმ პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც ფლობენ შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას.

კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია კიბერსაკითხებით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას, რომელსაც არ შესრულებია 25 წელი.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნად ჩამოაყალიბონ მაქსიმუმ 3 წევრისგან შემდგარი გუნდი და წარმოადგინონ შესაბამისი განაცხადი. გუნდი შეიძლება ასევე შედგებოდეს 1 ან 2 მონაწილისგან.

ეროვნულ კიბეროლიმპიადაზე დაისმება კიბერუსაფრთხოების გავრცელებული შეტევის ვექტორების ამოცანები, რომელთა გადაჭრაშიც ერთმანეთს გუნდებად დაყოფილი სტუდენტები შეეჯიბრებიან.

ოლიმპიადის მონაწილეები სხვადასხვა კვლევითი და ლაბორატორიული სამუშაოს შედეგად გააანალიზებენ და გამოიკვლევენ 10 განსხვავებულ შემთხვევას და უპასუხებენ 50 შეკითხვას (თითოეული შემთხვევის ირგვლივ სხვადასხვა სირთულისა და წონის 10 შეკითხვა), მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით კი დაითვლება საბოლოო სტატისტიკა. ეროვნული კიბეროლიმპიადის ხანგრძლივობაა 1 დღე.

იმისათვის რომ, ოლიმპიადის მონაწილემ შეძლოს აღნიშნულ ღონისძიებაზე დასრება, აუცილებელია ფლობდეს საბაზისო ცოდნას შემდეგ სფეროებში: ნეტვორკინგი, კრიპტოგრაფია და ვებ დეველოპმენტი (Networking, Scripting, Web development).

ახალგაზრდა თაობის განათლება და დახელოვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. კიბეროლიმპიადის მეშვეობით სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიღრმავონ ცოდნა ისეთ სფეროში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, რასაც შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის სპეციალისტები ესაჭიროება. ეს არის უნიკალური შანსი ახალგაზრდებისთვის, ურთიერთშეჯიბრის პირობებში წარმოაჩინონ საკუთარი თავი და გაიღრმავონ ცოდნა.

ეროვნული კიბეროლიმპიადა გაიმართება 2018 წლის 7 მაისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 3 მაისი, 2018

შემოსული განაცხადების საფუძველზე სპეციალური ჟიურის მიერ შეირჩევა 50 გუნდი.

დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა კიბეროლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის უნდა გამოგზავნონ გუნდის დასახელება, გუნდის წევრთა რეზიუმეები (წევრთა რეზიუმეები სავალდებულო არ არის) და საკონტაქტო ინფორმაცია ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: cybercube@dea.gov.ge ; დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი არხების გამოყენებით:

ტელ.: 291 51 40;
ვებგვერდი: www.dea.gov.ge;
FB გვერდი: https://www.facebook.com/certgovge